ნეოლითური რევოლუცია

               ადამიანს თავის თავშესაფრის - გამოქვაბულის მიტოვებამდე, მის გარეთ პრიმიტიულ სახლების აშენებამდე და ცივილიზაციას პირველი საწყისების მიღწევამდე განვითარების ხანგრძლივი გზის განვლა დასჭირდა, ვინაიდან მიმთვისებლობიდან მწარმოებელ მეურნეობაზე გადასვლა რთულ და მრავალმხრივ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და მისი ხელაღებით, მოკლე დროში განხორციელება შეუძლებელ მისიად რჩებოდა.

ეს მხოლოდ ძვ.წ. მე-X-ს ათასწლ. გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ დროს კაცობრიობის განვითარების ისტორიაში დაიწყო ახალი - ნეოლითის ე.წ „ბუმბერაზული“ ხანა, რომელიც ინგლისელმა მკვლევარმა და არქეოლოგმა გორდონ ჩაილდმა რევოლუციასთან გააიგივა, რათა ზედმიწევნით აღეწერა ის უზარმაზარი ნახტომი, რომელიც კაცობრიობას განვითარების თანაუდროდ გადაედგა.

ნეოლითის ისტორიული პერიოდი მოიცავს ძვ.წ. მე-X - მე - IV ათასწლეულებს. “ნეოლითი” ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს - "neos" ითარგმნება, როგორც ახალი, განახლებული, "lithos" - ქვა, აქედან გამომდინარე კი  ნიშნავს ახალი ქვის ხანას. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეული კულტურების კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითი მეზოლითის შემდგომ პერიოდს და ქვის ხანის დამასრულებელ პერიოდს. შეიძლება ვთქვათ რომ მისგან ნაწარმოები ტერმინი „ნეოლითური რევოლუცია“ აღნიშნავს იმ ძირეულ ძვრებს, როცა ადამიანი მიმთვისებლობითი მეურნეობიდან (ნადირობა, შემგროვებლობა, თევზაობა) გადავიდა მწარმოებლურ მეურნეობაზე (მესაქონლეობა-მიწათმოქმედება). მწარმოებლური მეურნეობა კი მოასწავებდა მომთაბარეობის დასასრულსა და დამჯდარი საზოგადობის დამკვიდრებას. ეს კი თავისმხრივ განაპირობებდა თესვისა და მოსავლის აღების პროცესში ახალი ხელოსნობის დარგების წარმოქმნას, საერთო ტექნიკურ პროგრესებსა და რაც მთვარია იმდროინდელი საზოგადოების საერთო წინსვლას. ამაზე გორდონ ჩაილდი ამბობდა, რომ ეს იყო პირველი ინდუსტრიული გადატრიალება, რადგან ადამიანი გამოდის მღვიმეების ეპოქიდან და პრიმიტიული სახლების მშენელებლობას იწყებს, ასევე ის იგონებს და ამზადებს თიხის ჭურჭელს, იწყებს კერვა-ქსოვა და სხვა.

    ზოგადად, ნეოლითის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად ადრეული ანუ უკერამიკო (როცა ადამიანი არ ფლობს თიხის ძერწვის ტექნიკას) და გვიანდელი, ანუ მაღალგანვითარებული ნეოლითი.

   ნეოლითური რევოლუცია დედამიწის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს იწყება, პირველი იყო სამხრეთ-დასავლეთ აზია, კერძოდ, ნაყოფიერი ნახევარმთვარის გეოგრაფიული ზოლი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ლიბანისა და ზაგროსის ტერიტორიას. სწორედ ეს ტერიტორიები ხასიათდება ხელსაყრელი თბილი კლიმატით  ადამიანის კვების რაციონისთვის აუცილებელი კულტურებისა და ცხოველთა მრავალი ახალი ჯიშების მოშინაურებისთვის. უძველესი ღია ნეოლითური ნამოსახლარები, სადაც დაფიქსირებულია დამჯდარი საზოგადოების კვალი აღმოჩენილია დას. ირანში (ჰალაფის კულტურა), სირია - პალესტინაში (მაგ, ბიბლიური ქალაქის- იერიქონი, მკვდარი ზღვის ჩრდილოეთი, გაითხარა გორდონ ჩაილდის მიერ და ეს მიუთითებს ურბანულ და აგრალურ რევოლუციაზე, თარირდება 9000 წლით და არის ყველაზე ძველი ნეოლითური ხანის ძეგლი), სამხრეთ-აღმ. თურქეთი (მცირე აზიაში ანატოლიის დასახლებები: გობეკლი თეფე, ნევალი ჩორი, ნორსუნ თეფე, ბონშუკლო ჰუიუკი, აშიკლი ჰუიუკი, ჩაინო თეფე, ჩათალ ჰუიუკი და სხვ.) და ჩრდ. მესოპატამია (ჰასუნას კულტურა),  გარდა ამ ოთხი ზონისა ოდნავ გვიანდელი ნეოლითური კულტურები აღმოჩენილია შუა აზიის, ინდოეთის, ჩინეთის (იანგშაოს კულტურა), ბალკანეთისა და კავკასიის (მათ შორის საქართველოს) ტერიტორიაზედაც.


 უკერამიკო ნეოლითური B საცხოვრებლის რეკონსტრუქცია აშიკლი ჰოიუქში, თურქეთი.

  აზიისგან განსხვავებით ევროპაში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა უფრო გვიან ისახება, რადგან აქ არის შედარებით მკაცრი კლიმატი  მარცვლეულის იმ სახეობის  არსებობითვის საჭირო, რომლებიც საჭირო იყო წვრილფეხა-რქოსანი პირუტვების მოსაშინაურებლად და ადამიანის კვების რაციონითვის. მიჩნეულია რომ ევროპის ნეოლითი წარმოადგენს აზიურ პროდუქტს (დასაწყისია მე-4 ათასწლეული), საიდანაც აქ მიწათქმედებისა და მესაქონლეობის ტრადიციები გავრცელდა რამდენიმე მიმართულებით: სამხრეთ იტალიის გავლით საფრანგეთისკენ, ირანიდან კავკასიის გავლით ბალტიის ზღვისკენ და მდინარე დუნაის გაყოლებით აღმ. ევროპისგან 

რაც შეეხება საქართველოს, ნეოლითური კულტურის წარმოშობა-განვითარება საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ რთულ პროცეს წარმოადგენს, ამიტომ მისი ყველა ასპექტი ჯერჯერობით უცნობია, ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ ნეოლითური ხანის კულტურის ძეგლები საკმაოდ მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი, ხოლო რაც შეეხება მწარმოებლური მეურნეობის წარმოქმნა-განვითარების მოწმობა საქართველოს ყველა ტერიტორიაზე არ არის შესწავლილი საფუძვლიანად. ნეოლითური ხანის ძეგლები ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი (ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსებია: ქობულეთი, ხუცუბანი, ანასეული I, ხორში, გალი I და სხვ. ხოლო განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსებია: ოდიში, ანასეული II, კისტრიკი, გურიანთა, მელოური და სხვ.), რადგან დას. საქართველოს რელიეფი, კლიმატი და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი ქმნიდა მწარმოებლური მეურნეობის, ე.ი. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს. დასავლეთ საქართველოს ნეოლითური ძეგლებისთვის დამახასიათებელია გენეტიკური ურთიერობა მეზოლითურ კულტურასთან და ასევე წინა აზიური ნეოლითური კულტურის ძლიერ შემოქმედებასთან (მაგალითად, გეომეტრიული მიკროლითების ორმხრივი დამუშავება, ბრტყელძირიანი კერამიკა და ა.შ). 

 ძირიათადი ადრენეოლითური პერიოდის სამოსახლოები ფიქსირდება ზღვისპირეთში, ასევე მთისწინეთსა და მაღალმთიანეთში. სამოსახლოების უმრავლესობა გვხვდება ნეოლითის წინა მდებარე მეზოლითური ეპოქის ნამოსახლარების საკმაოდ ახლოს. ადრენეოლითურ პერიოდში მრავლად აღინიშნება გენეტიკური ურთიერთობა სხვა ქვის ხანებთან, რაც გამომჟღავნდა ქვის დამუშავების ტექნიკაშიც, კერძოდ, შემონახულია მიკროლითური და ფირფიტოვანი ე.წ. ჩანართების დამზადების ტექნიკა, თუმცა ამ ყველაფერს ნეოლითის განვითარებასთნ ერთად ერთვის ქვის დამუშავების ახალი ტენდენცია, მაგალითად გაპრიალებური ან გახეხილი იარაღის ფართოდ გავრცელება, ქვის გახვრეტა, რაც  დაკავშირებული სამუშაო იარაღებისთვის ახალი ფუნქციების დაკისრებასთან. ამ პერიოდში პირველად ჩნდება ცული, რაც გამოიწვია სამურნეო ცხოვრებისა და საშინაო ყოფის უაღრესად გაზრდილმა ახალმა მოთხოვნილებებმა, რასაც პირველყოფილი საზოგადოება იყენებდატყეების გასაჩეხად და ტყის შემდგომი დამუშავებისათვის სხვა საჩეხ-სათლელ იარაღებთან ერთად. ხეს შემდგომში იყენებდნენ მუდმივი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობათა გასამართავად. ადრენეოლითური ნაგებობები მოიცავს ბუნებრივ თავშესაფარებს, ეხებს (მღვიმეები), გამოქვაბულებს. რაც შეეხება შედარებით გვიანი პერიოდში გვხდება სხვა ნაგებობები, რომლებიც ხასიათდება მცირე ზომის მრგვალი ორმოებით, რომლებიც ხის ბოძების ჩასადგმელად იყო განკუთვნილი, აგრეთვე ხის წნურის სახლები, რომელსაც  ანაბეჭდიანი თიხის შელესილობა ჰქონდა და თიხატკეპნილი იატაკი, რომელზეც კერა, იგივე შუა ცეცხლი იყო გამართული. ხის ბოძების ჩასადგმელი ორმოების მიხედვით ეს ნაგებობები იყო კვადრატული ან სწორკუთხა მოყვანილობის. ასეთი დასახლებები აღმოჩენილია არა მხოლოდ ღია ცის ქვეშ, არამედ ეხშებიც (დარკვეთის ეხში, სადაც აღმოჩენილია სხავდასხვა ცხოველების ნაშთები (ირემი, შველი, დათვი, ტახი, ღორი ძროხა, ცხვარი და ა.შ. რაც მიგვანიშნებს, რომ მესაქონლეობა თავისი განვითარების პიკში იყო). ადრენეოლითურ ხანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა შემგროველობას, რაზეც მოწმობს მცენარის დანახშირებული ნაშთები, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სწორედ მარცვლეული კულტურის განსაკუთრებით, განსაკუთრებით ფეტვის არსებობამ, დაუდო საფუძველი მიწათმოქმედებას. 

ნეოლითური ხანის ძეგლებში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით მიწის დასამუშავებელი იარაღები, მაგალითად წერაქვისებური და თოხისებური მაკროლითები, კავის მსგვასი გაპრიალებული იარაღი და სხვები, ნეოლითში ჩნდება ახალი ელემენტების გაჩენა, როგორიცაა მეთუნეობა, რაზეც თიხის ჭურჭლის დამზადება მიგვანიშნებს. ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი მრავალფეროვანი ელემენტებითაა ცნობილი, მაგალითად წიწვოვანი, თავთავისებური, ტალღისებური და სხვა ფორმის  ხაზებით. ასეთი ჭურჭელი განსაკუთრებითაა აღმოჩენილი ოდიშის, გურიანთის, მამათის და ანასეულის და სხვა გვიან ნეოლითურ ნამოსახლარებზე. 

 რაც შეეხება აღმ. ამიერკავკასიას, ნეოლითი შეეხო აზერბაიჯანის დიდი ნაწილი, არარატის ველი და სამხ.–აღმ. საქართველოს. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. VI- V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს (შულავერი-შომუთეფეს კულტურა), რომლის ადრეული ძეგლები (შულავრის გორა, გადაჭრილი გორა, იმირის გორა, შომუ თეფე, ხათუნარხი და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით საქართველოს ნეოლითი მოიცავს ძვ. წ. მე-7 -მე-6 ათასწ. თუმცა დღეს ფიქრობენ, რომ საწყისები შეიძლება ძვ.წ. მე-8 ათასწ.-ში შეიძლება მოვიძიოთ.

ამრიგად, ნეოლითი არის ახალი ტექნოლოგიების ერა, ანუ გრანდიოზულ გადატრიალება, რომელსაც პოლიცენტრისტული ხასიათი ჰქონდა. ამ დროს კაცობრიობა გადის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპის მნიშვნელოვან ნაბიჯებს: შემგროვებლურიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადადის და საფუძველს უდებს დიდი ცივილიზაციის საწყისებს. ნეოლითის ხანაში მომხდარი ცვლილებების ანალიზის გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის განვითარების სრულყოფილი სურათის შექმნა.



გამოყენებული ლიტერატურა: 


  • ლორქიფანიძე, „ქართული ცივილიზაციის სათავეებთან“,

  • ფუთურიძე მ, “ნეოლითის ხანა ანატოლიაში”

  • ინტერნეტსაიტები (ვიკიპედია).

  • გორდონ ჩაილდი, "ნეოლითი". 

Comments

Popular posts from this blog

პალეოლითის ხანა და მისი ძეგლები საქართველოში

ჩათალ ჰუიუკი